ერთიანი სავაჭრო ქსელი ტესტირების ბოლო ფაზას გადის

This text is replaced by the Flash movie.

Friday, April 25, 2014
News Making Money

რუსეთში „კურსკის“ ტრაგედიის მეათე წლისთავი აღინიშნა

ავტორი კობა ლიკლიკაძე, რადიო თავისუფლება

13/08/2010 12:32 (1350 დღე 16:08 minutes ago)

10 წლის წინ ბარენცის ზღვაში ჩაიძირა რუსეთის ატომური წყალქვეშა ნავი „კურსკი“. ავარიის შედეგად დაიღუპა ეკიპაჟის 118-ვე წევრი.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, „კურსკი“ საკუთარი ტორპედოების აფეთქებამ ჩაძირა. ტრაგედიამ თავის დროზე განარისხა დაღუპული ეკიპაჟის ოჯახის წევრები და რუსეთის საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც პასუხს სთხოვდნენ რუსეთის ხელისუფლებას დაგვიანებული რეაქციის გამო.

რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების მთავარი შტანდარტი, წმინდა ანდრიას დროშა, გლოვის ნიშნად სანახევროდ დაშვებულია, სამხედრო ფლოტის ოფიცრები და სამხედრო აკადემიები მთელი რუსეთის მასშტაბით პატივს მიაგებენ 118 მეზღვაურის ხსოვნას, რომლებიც 10 წლის წინ დაიღუპნენ, ატომური წყალქვეშა ნავის, „კურსკის“, ჩაძირვის შედეგად. ტრაგედიიდან 2 წლის შემდეგაც მკაფიო პასუხი არ არსებობს შეკითხვაზე, თუ რა გახდა „კურსკის“ ჩაძირვის მიზეზი, - აცხადებს იგორ კუდრინი, წყალქვეშა ნავების მეზღვაურთა სანკტ-პეტერბურგის კლუბის თავმჯდომარე:

„დღეს ჩვენ დაგვრჩა ორი ვერსია: ყველამ იცის, თუ რა მოხდა „კურსკზე“ ტორპედოს აფეთქების დროს, რამაც გამოიწვია ხომალდის დაღუპვა. რჩება შეკითხვა: რამ გამოიწვია აფეთქება? ეს ან გარედან ზემოქმედების შედეგია, ანდა ტექნოგენური კატასტროფა.“

კუდრინი ასევე აკეთებს კომენტარს რუსეთის გენერალური პროკურორის უსტინოვის წიგნზე, რომელიც „კურსკის“ დაღუპვის ფაქტის გამოძიებას ეხება. პროკურორი უსტინოვი ამტკიცებს, რომ მათ შეერთებულ შტატებს გაუგზავნეს შეკითხვა და სთხოვეს განმარტება, თუ სად იმყოფებოდნენ „კურსკის“ დაღუპვის მომენტში ამერიკული წყალქვეშა ნავები „მემფისი“ და „ტოლედო“. ამერიკელებმა რუსეთის პროკურატურას არ უპასუხეს. სანკტ-პეტერბურგის წყალქვეშა მეზღვაურთა კლუბის თავმჯდომარე იგორ კუდრინი წერს, რომ მის წერილს პირადად პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ მა უპასუხა:

„დაღუპულთა ნათესავების დავალებით მე შეკითხვა გავუგზავნე შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშ ს. შესაძლოა, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ არ იცოდა, თუ სად უნდა მიეწერა. შესაძლოა, მისამართი აერია და 'თეთრი სახლის' ნაცვლად, დაწერეს 'ყვითელი სახლი'. აი, ჩვენ კი პრეზიდენტისაგან პასუხი მივიღეთ. მასში, პირველ ყოვლისა, გამოთქმული იყო ღრმა თანაგრძნობა 'კურსკში' დაღუპულთა ოჯახებისადმი და, მეორე, იყო განცხადება, რომ ამერიკის ხომალდებს არ მიუძღვით ბრალი 'კურსკის' დაღუპვაში.“

რუსეთის ისტორიაში ყველაზე დიდი ატომური წყალქვეშა ნავი წვრთნის ჩასატარებლად 2000 წლის 12 აგვისტოს გავიდა ბარენცის ზღვაში. ერთი საათის შემდეგ ხომალდთან კავშირი დაიკარგა. „კურსკი“ დუმდა 11 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხელმძღვანელობამ გემის დაკარგვის შესახებ გამოაცხადა. დიდმა ბრიტანეთმა და ნორვეგიამ რუსეთს დახმარება შესთავაზეს „კურსკის“ გადასარჩენად, მაგრამ კრემლმა ეს წინადადება  უარყო  და მხოლოდ დიდი დაგვიანების შემდეგ დათანხმდა. ბრიტანეთისა და ნორვეგიის სამაშველო ჯგუფებმა ჩაძირულ „კურსკთან“ მიახლოება მხოლოდ 20 აგვისტოს მოახერხეს და აღმოაჩინეს, რომ ცოცხალი აღარავინ იყო დარჩენილი.

იგორ კუდრინმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მას შემდეგ რუსეთის წყალქვეშა ფლოტი მნიშვნელოვნად გამოსწორდა: შეიძინეს სამაშველო ნავები და წყალქვეშა ხომალდებზე დამონტაჟდა განგაშის ახალი სისტემა. თუმცა არ იცვლება, რეაგირების თვალსაზრისით, ხელისუფლების დამოკიდებულება სამხედრო ობიექტებზე მომხდარი კატასტროფებისადმი, - ამბობს კუდრინი:

„აგერ სულ ახლახან, როდესაც ხანძრის შედეგად საზღვაო ძალების ბაზა დაიწვა, ჩვენ რა ვთქვით? - ეს მე არ ვარ და ბაზა ჩემი არ არის. რამდენიმე დღის შემდეგ კი გაირკვა, რომ ბაზა, ხალხო, თურმე ჩვენი ყოფილა. ეს ძალიან ჰგავს „კურსკის“ სიტუაციას და, ამ თვალსაზრისით, ათი წლის განმავლობაში ცოტა რამ თუ შეიცვალა.“

10 წლის წინ, როდესაც ბრიტანელმა და ნორვეგიელმა მაშვლებმა ჩაძირულ წყალქვეშა ხომალდს მიაკვლიეს, კაპიტან-ლეიტენანტ დმიტრი კოლესნიკოვის კაიუტაში იპოვეს წერილი, რომელშიც გემის კაპიტანი წერდა, რომ პირველ და მეორე აფეთქებას 23 ადამიანი გადაურჩა, მაგრამ ვეღარ მოახერხეს წყლის ზედაპირზე ამოსვლა. 2005 წელს დაღუპული მეზღვაურების ზოგიერთმა ჭირისუფალმა ევროპის ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საჩივრით, გამოძიებულიყო „კურსკის“ ტრაგედია. ევროპის სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქმე, თუმცა, კუდრინის თქმით, ერთი წლის წინ რამდენიმე ნათესავმა საკუთარი საჩივარი უკან გაიტანა.

 

სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.  

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.









Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group